მინდა, მოვუწოდო საზოგადოებას, არ შეუერთდეს ამ პროტესტს – გიგა ბოკერია ნამახვანის პროტესტზე

Vinkmag ad

გიგა ბოკერია მოქალაქეებს, პოლიტიკურ პარტიებს და სამოქალაქო ჯგუფებს მოუწოდებს, რომ ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციებს არ შეუერთდნენ. განცხადება “ევროპული საქართველოს” ლიდერმა ცოტა ხნის წინ გააკეთა. ჩვენ ყველას, საქართველოს მოქალაქეებს, გვაქვს სრული საფუძველი უნდობლობისა ივანიშვილის მთავრობის მიმართ ყველაფერში, ჩვენ გვაქვს საფუძველი, ვიფიქროთ, რომ ნებისმიერ დიდ პროექტში შეიძლება იყოს გარკეული კორუფციული ინტერესი ივანიშვილის რეჟიმის და გარემოცვის. ჩვენ გვაქვს საფუძველი ბრაზის ამ მთავრობის მიმართ იმის გამო, რომ ისინი არ გრძნობენ საერთოდ ანგარიშვალდებულად თავს ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი საზოგადოების წინაშე. მე ვიცი, რომ ამ ყველაფრის გამო, ბევრი გულწრფელი მოქალაქე იყო ამ პროტესტის ნაწილი ამ კვირების განმავლობაში, სხვადასხვა ფორმით.მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ, ფაქტია, რომ ამ პროტესტის მთავარი გზავნილი, სულისკვეთება ჩამოყალიბდა შემდეგნაირად, ეს არის ერთი მხრივ, ბრძოლა და კამპანია უცხოური ინვესტიციების წინააღმდეგ, უმრავლესობისგან კამპანია მიუღებლობის და სიძულვილის განსხვავებული ადამიანების წინააღმდეგ, მეორე მხრივ, კამპანია კერძო საკუთრების და თავისუფალი ეკონომიკის წინააღმდეგ, არა კამპანია მთავრობის კორუფციისა, ან ზოგადად მთავრობის წინააღმდეგ, ეს გზავნილებია მათი ძირითადი გზავნილები. ვიმეორებ, კამპანია უცხოური ინვესტიციების წინააღმდეგ, კამპანია მიუღებლობის და სიძულვილის განსხვავებული ადამიანების მიმართ, უმრავლესობისაგან განსხვავებულის, მეორე მხრივ, კერძო საკუთრების და თავისუფალი ეკონომიკის წინააღმდეგ, ანუ ყველაფერ იმის წინააღმდეგ, რაც სჭირდება ჩვენ ქვეყანას, რომ ამ ჭაობიდან ამოვიდეს, ამ სიღარიბისგან რომ ჰქონდეს ყველა შანსი საკუთარი შრომით ბედნიერებისკენ სწრაფვის, რომ ვიყოთ თავისუფალი ქვეყანა, სადაც ყველა ადამიანი, მიუხედავად ჩვენს შორის განსხვავებებისა, ღირსეულად და თავისუფლად იცხოვრებს. ჩვენი ქვეყნის მომავლის წინააღმდეგ გზავნილებია ეს ყველაფერი.ეს არ ეხება ყველა ადამიანს, ვინც ამ პროტესტში მონაწილეობს, მაგრამ ინიციატივა აქვს სწორედ ამ განწყობილებებს, ეს არის სამწუხარო ფაქტი.ამიტომ მინდა, მოვუწოდო ყველა გულწრფელ მოქალაქეს, რომელიც გაბრაზებულია ამ მთავრობაზე საფუძვლიანად, არ შეუერთდეს ამ პროტესტს, მე მინდა, მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ პარტიას და სამოქალაქო ჯგუფს, არ აყვნენ ცდუნებას, რომ აი, იცი, ხალხი გაბრაზებულია, ხალხის რაოდენობა დაინახეს და ეს არის შესაძლებლობა ამ მთავრობის წინააღმდეგ ამის გამოყენების. ეს არ მოიტანს არც პრაგმატულად, არც მორალურად კარგ შედეგს, ჩვენ გვჭირდება ამ მთავრობის შეცვლა, ჩვენ გვჭირდება თავისუფალი ეკონომიკა, კერძო საკუთრება ჩვენი მოქალაქეებისა და ინვესტორებისათვის, ჩვენ გვჭირდება ღირსეული ატმოსფერო ნებისმიერი ჩვენი მოქალაქისათვის და დიახ, ჩვენ გვჭირდება ცალკე აღებული, ჩვენ გვჭირდება ჰესები, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული ჩვენ მტერზე, რუსეთზე, გვქონდეს იაფი ენერგია და განვითარდეს ეკონომიკა. ეს არის რეალობა და არავინ არ უნდა აყვეს ცდუნებას, ამ მომენტში საზოგადოების ნაწილის განწყობილებების გამო, ქვეყნის მომავალი დააყენოს ეჭვის ქვეშ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გიზო ბანძელაძე

Read Previous

საქართველოში აშშ-ის საელჩო 23 მაისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით თანამშრომლებს აფრთხილებს

Read Next

შსს – მ გუმათში სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე გამოძიება დაიწყო