სოზარ სუბარი – შევთანხმდით დიალოგის გაგრძელებაზე

Vinkmag ad

მთლიანობაში იყო ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა, შევთანხმდით, რომ წითელი ხაზების გარეშე ვლაპარაკობთ, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა დიდხანს გაგრძელდა, იყო ძალიან კონსტრუქციული

„შევეხეთ ყველა საკითხს, ყველა საკითხზე ბუნებრივია, პასუხი დღეს ვერ გვექნებოდა, თუმცა შევთანხმდით დიალოგის გაგრძელებაზე. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. შვიდი ადამიანი ვიყავით პარლამენტიდან, იყო პრემიერის წარმომადგენელი. იცით, რომ პარლამენტში მრავალსაათიანი განხილვა იყო, შედგა რამდენიმე შეხვედრა და პარლამენტარების მხრიდან ეს იყო სწორედ იმ შეხვედრების გაგრძელება. მე მგონი, მთლიანობაში იყო ძალიან კონსტრუქციული. მართალია, თქვენთან ინტერვიუში ერთ-ერთმა წარმომადგენელმა წითელი ხაზი მაინც ახსენა, მაგრამ შევთანხმდით, რომ წითელი ხაზების გარეშე ვლაპარაკობთ. ჩვენ ვთქვით რომ ხელისუფლებაში, პირადად მეც ამ პოზიციაზე ვარ, ღრმად ვარ დარწმუნებული, ამ კონკრეტული ჰესის საჭიროებაში ქვეყნისთვის, ისივე როგორც მეორე მხარესაც იყვნენ ადამიანები, რომლებიც ღრმად არიან დარწმუნებული, რომ ეს ჰესი არავითარ შემთხვევაში არ უნდა აშენდეს. დიალოგის დროს ასეთ კატეგორიებს გამოვრიცხავთ, არ უნდა აშენდეს ან აუცილებლად უნდა აშენდეს, ამითი დიალოგს არ ვიწყებთ. მისაღები ვარიანტი ჩემთვის არის, რომ უნდა აშენდეს, რადგან ეს სჭირდება ქვეყანას, მათთვის არის ეს არ უნდა აშენდეს, მაგრამ დიალოგის ამით დაწყება არის შეუძლებელი. ვამბობთ, რომ დიალოგის დროს ყველა კითხვას, რაც არსებობს, პუნქტ პუნქტად ჩავივლით, პუნქტიდან პუნქტამდე გავცემთ პასუხს და შესაბამისად, ან ისინი დარწმუნდებიან ამის საჭიროებაში, ან ჩვენ დავრწმუნდებით საპირისპიროში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსისა და გუბერნატორების, ასევე დეპუტატებისა და „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების შეხვედრა დღეს იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა.

გიზო ბანძელაძე

Read Previous

“გადავდივართ კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში” – ვარლამ გოლეთიანი

Read Next

“ნამახვანჰესის” საკითხზე ექსპერტთა საბჭო შეიქმნება