ირაკლი ღარიბაშვილი – “გვარს არ აქვს მნიშვნელობა, სადაც არ უნდა იმალებოდეს, ვერ დაემალება მართლმსაჯულებას, კანონი უნდა აღსრულდეს!”

ბატონი მელია, ნებისმიერი, ამ შემთხვევაში გვარს არ აქვს მნიშვნელობა, სადაც არ უნდა იმალებოდეს, ვერ დაემალება მართლმსაჯულებას, კანონი უნდა აღსრულდეს! – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ქვეყანაში ალიბი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის ფორმალური თავმჯდომარეობა.

„ვფიქრობ, ოპოზიციის რადიკალური ფრთა კონტრუქციული ოპოზიციისგან უნდა გავმიჯნოთ. კონსტრუქციულ ნაწილთან დიალოგზე არასდროს გვითქვამს უარი, ჩვენ დიალოგისთვის ვართ მზად ყოველგვარი პირობების გარეშე. დიალოგისთვის მზად ვართ, ყველა იმ კონსტრუქციულად განწყობილ ოპოზიციასთან, ვისაც სურს, რომ ამ მძევლობიდან და ძალადობიდან გამოეყოს და მოხდეს მათი დისტანცირება იმ დესტრუქციული პოლიტიკისგან, რომელიც პირდაპირ სააკაშვილისა და მისი დანიშნული სხვადასხვა კრიმინალებისგან მიმდინარეობს. ამ შემთხვევაში ნიკა მელაის ვგულისხმობ, რომელიც რა თქმა უნდა, კრიმინალია, იმიტომ რომ ბანკი „ქართუს“ გაკოტრების საქმეზე სასამართლომ შერაცხა ის კრიმინალად. ეს ყველას ავიწყდება. ყველას შევახსენებ, რომ ამ ქვეყანაში ალიბი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის ფორმალური თავმჯდომარეობა. ყველას შევახსენებ, ნიკა მელია „ნაცმოძრაობის“ როგორი თავმჯდომარეა. „ნაცმოძრაობის თავმჯდომარე არის სააკაშვილი, სხვა ლიდერი „ნაცმოძრაობაში“ არ არსებობს. მელია, ვაშაძე… არიან ყოველთვის დროებითი ფორმალური სახეები. ნახეთ, მელიასთან მიმართებით მათი გათვლით, როგორი „ჭკვიანური“ სვლა გააკეთეს. მელია არის გასამართლებული, მას მიესაჯა კონკრეტული სასჯელი ბანკი „ქართუს“ საქმეზე. ჩვენი ჰუმანური პოლიტიკა და ივანიშვილის საკითხებისადმი ჰუმანური დამოკიდებულება ამაშიც გამოჩნდა. მას პირობითი სასჯელი და ჯარიმა მიესაჯა. ის არის ჩვეულებრივი კრიმინალი. ეს კრიმინალი რამდენიმე თვის წინ პარტიის თავმჯდომარედ გამოაცხადეს. გვეუბნებიან, რომ იმ მძიმე დანაშაულს, რომელიც მან სავარაუდოდ ჩაიდინა, პარლამენტზე შტურმის ორგანიზებას და ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მცდელობას ვგულისხმობ, თურმე არ უნდა შევეხოთ მელიას. მე ვეკითხები ყველას, რომელ ქვეყანაში გინახავთ, რომ მსგავსი ტიპის მძიმე დანაშაულებისთვის ადამიანებს რაღაც ინდულგენციებს აძლევდნენ? როდის ყოფილა პოლიტიკური პარტია ასეთი კრიმინალების თავშესაფარი გამხდარა.

რამდენიმე თვის წინ ამერიკაში კაპიტოლიუმის წინ მოხდა ორგანიზებული შტურმი და თავდასხმა, რომლის შედეგადაც 150 ადამიანი დაკავებულია. 4 ადამიანი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული, ჩვენ რაზე ვსაუბრობთ? 90-იან წლებში ის უბედურება და კატასტროფა, რაც ჩვენ, ჩვენს თავს დავმართეთ და ძალადობრივი გზით ხელისუფლების დამხობის პრეცედენტი დავუშვით, ყველაფერი ეს უბედურება, რაც ქვეყანაში ხდება, იმის ანარეკლია. ამის შემდეგ დავანგრიეთ, დავხოცეთ ერთმანეთი, დავკარგეთ ტერიტორიები და ახლა ეს ადამიანები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში იკრიბებიან, თუ გადახედავთ მათ ბიოგრაფიას, 80 პროცენტს აქვს იმ გადატრიალებაში მონაწილეობა მიღებული, რომელიც 90-იანებში მათ ჩაიდინეს. იგივე სახეები გველაპარაკებიან ასეთი აგრესიული რიტორიკით, ზიზღის ენით, როცა ჩვენ მათ ადეკვატურად ვპასუხობთ. როცა დესტრუქციულ პოლიტიკას ვპასუხობთ ისე, როგორც უნდა ვუპასუხოთ, ისინი ყველაფერს გვაბრალებენ ჩვენ. რა თქმა უნდა, სიმართლე მარტივია,“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, „არც პოლიტიკური პარტია, არც რაიმე თანამდებობა ამ ქვეყანაში არ იქნება მათი დანაშაულებისა და კრიმინალის თავშესაფარი“.

„თუ ისინი ღიად აცხადებენ, რომ ასეთი პარტია არის კრიმინალების თავშესაფარი და ტერორისტების თავშესაფარი, მაშინ ესეც ჩვენი პროკურატურისთვის მორიგი აღიარებაა. ასე რომ, ჩემი პასუხი მარტივია, კანონი უნდა აღსრულდეს, ჩვენს ქვეყანაში უნდა იყოს წესრიგი და ყველა ეს ადამიანი თუ ორგანიზაცია, რომელიც გასულია კონსტიტუციური წესრიგიდან და ჩარჩოებიდან, მათ მოუწევთ ამ ჩარჩოებში დაბრუნება. ამის გარანტიას ვიძლევი! ოპოზიციასთან მოლაპარაკება და დიალოგი აუცილებელია, მაგრამ არა ამ კრიმინალებთან, დესტრუქციულ ცხელ თავებთან, რომელთაც ჩვენი ქვეყნის დანგრევა სურთ. კიდევ ვიმეორებ, რომ ბატონი მელია, ნებისმიერი, ამ შემთხვევაში გვარს არ აქვს მნიშვნელობა, სადაც არ უნდა იმალებოდეს, ვერ დაემალება მართლმსაჯულებას, კანონი უნდა აღსრულდეს! კანონი აღსრულდება როგორც წესია და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ამ ადამიანებს, რომ დაბრუნდნენ კანონისა და კონსტიტუციის ჩარჩოებში. მათ ამის გაკეთება მოუწევთ ძალიან მალე!“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.

Vinkmag ad

გიზო ბანძელაძე

Read Previous

გამომცემლობა “პალიტრა L” “1000 მშობლის მარშს უერთდება

Read Next

ქუთაისში მოსკოვის ქუჩას შინდისის გმირების სახელი დაერქმევა

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *